დღეს ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) გამოაქვეყნა თავისი მე-3 ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით. კომისიის თავმჯდომარემ, ნილს მუიზნეკსმა აღნიშნა რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, მოქალაქეობისა თუ ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის ნიადაგზე დისკრიმინაციასთან ბრძოლაში გატარებული დადებითი ინიციატივების შესახებ, თუმცა, გამოთქვა ასევე შეშფოთება იმის გამო, რომ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები ჯერ კიდევ დგანან გარიყვის საფრთხის წინაშე ქართული ენის უცოდინრობის გამო და რომ ბოშა ხალხი კვლავ რჩება მოწყვლად მდგომარეობაში.
რაც შეეხება პოზიტიურ ცვლილებებს, საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს ძირითადი როლის თამაშს დისკრიმინაციასთან ბრძოლასა და რეგიონული განშტოებების დაარსებაში. 2009 წელს მიღებულ იქნა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები.
გატარდა მნიშვნელოვანი ზომები ქვეყნის შიგნით გადაადგილებულ პირებთან მიმართებაში. 2008 წლის აგვისტოში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტს შეეძლო, გამოეწვია საგულისხმო დაძაბულობა ეროვნულ ნიადაგზე, თუმცა, საზოგადოებას, ზოგადად, ჯერაც შესწევს უნარი, გამიჯნოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ცალკეული ადამიანები საქართველოში.
იმავდროულად, შეზღუდულია კავშირები მოსახლეობის უმრავლესობასა და ეთნიკურ უმცირესობებს შორის. ენობრივი ბარიერი, ბუნებრივია, ერთ-ერთი ძირითადია და საამისოდ უნდა გაკეთდეს მეტი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მხრიდან ქართულ ენაზე ამეტყველება. თუმცა, სომხების, აზერბაიჯანელების და სხვათა იზოლირება ქვეყნის სამხრეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში ასევე განპირობებულია ინფრასტრუქტურული, განსაკუთრებით სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პრობლემებით. გარდა ამისა, მოსახლეობის უმრავლესობამ, ძირითადად, არ უწყის ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფების მდგომარეობისა და მათი კულტურის შესახებ.
იეღოვას მოწმეებისა და მუსლიმების შევიწროება და მათ მიმართ ძალადობა პრობლემად რჩება, პოლიცია კი ყოველთვის არ მიმართავს შესაბამის ზომებს. შედეგად, დაზარალებულები თავს არიდებენ რასისტული ხასიათის შეურაცხყოფისა და რელიგიურ ნიადაგზე თავდასხმის ფაქტების გახმაურებას.
ბოშები აწყდებიან ფართოდგავრცელებულ ცრურწმენებსა და მარგინალიზებას უკიდურესი სიღარიბის გამო, რომელშიც ზოგიერთ მათგანს უწევს ცხოვრება. ბოშა ბავშვების სკოლაში დასწრების მაჩვენებელი დაბალია.
თავის ანგარიშში კომისიამ მიიღო რიგი რეკომენდაციებისა, რომელთაგან შემდეგი სამის აღსრულების მდგომარეობა ხელახლა შემოწმდება შემდგომი ორი წლის მანძილზე:
- ქართული ენის სასწავლო სისტემის რეფორმირება ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ბავშვებისთვის;
- თურქი მესხების ინტეგრაციის სტრატეგიის განსაზღვრა მათი დაბრუნების ისტორიული მიზეზების განმარტებით;
- ქართული ენის სწავლების გაუმჯობესება ზურაბ ჟვანიას სახ. საჯარო ადმინისტრირების სკოლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის და მხარდაჭერის აღმოჩენა, რათა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა კურსდამთავრებულებმა, სხვებს შორის, მოიძიონ შესაფერისი სამუშაო.
ანგარიშის ბმული
ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დამცველი დამოუკიდებელი უწყებაა, რომელიც მეთვალყურეობას უწევს რასიზმისა და შეუწყნარებლობის პრობლემას, ამზადებს ანგარიშებს და გამოსცემს რეკომენდაციებს წევრ სახელმწიფოთა მისამართით.
დაკავშირება:
სტეფანი შმოლცერი, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის სამდივნო, ტელ. 33 388 41 32 40; Stephanie.schmoelzer@coe.int
ესტელ შტაინერი, ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება, ტელ. 33 388 41 33 35; Estelle.steiner@coe.int
ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება
ტელ: 33 (0)3 88 41 25 60
ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11
pressunit@coe.int
www.coe.int
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge