პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში

ი.ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი, 3ა კორპუსი, 0179 თბილისი
ტელ.: 91 38 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 38 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

   
47 წევრი ქვეყანა:

ალბანეთი

ანდორა
სომხეთი
ავსტრია
აზერბაიჯანი
ბელგია
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბულგარეთი
ხორვატია
კვიპროსი
ჩეხეთის რესპუბლიკა
დანია
ესტონეთი
ფინეთი
საფრანგეთი
საქართველო
გერმანია
საბერძნეთი
უნგრეთი
ისლანდია
ირლანდია
იტალია
ლატვია
ლიხტენშტეინი
ლიტვა
ლუქსემბურგი
მალტა
მოლდოვა
მონაკო
მონტენეგრო
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
რუსეთი
სან-მარინო
სერბია
სლოვაკეთი
სლოვენია
ესპანეთი
შვედეთი
შვეიცარია
"ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია"
თურქეთი
უკრაინა
გაერთიანებული სამეფო
09.02.10
ევროკავშირის მიერთება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან

კითხვა-პასუხი

რა ეტაპზე ვიმყოფებით?

არსებობს ზოგადი ერთსულოვნება ევროკავშირის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიერთების საჭიროებისა და აღნიშნულის პოლიტიკური მნიშვნელობის გარშემო.

2007 წლის 18-19 ოქტომბერს ევროკავშირის სამიტზე მიღებული “ლისაბონის ხელშეკრულება”, რომელიც ძალაში შევიდა 2009 წლის 1 დეკემბერს, მოიცავს ერთ დებულებას, რომელიც მიზნად უსახავს ევროკავშირს, მიუერთდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 ოქმიც იძლევა ევროკავშირის ამგვარი მიერთების შესაძლებლობას. მიერთების კონკრეტული ზომები, რომელთაგან ზოგიერთმა შესაძლოა გამოიწვიოს კონვენციის დამატებითი ოქმის ან მიერთების შესახებ ცალკე ხელშეკრულების შემუშავება, შეთანხმებულ უნდა იქნეს როგორც ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოსთან, ისე ევროკავშირთან.

რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის მიერთება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან?

ევროკავშირის მიერთება კონვენციასთან, რომლის მეშვეობით მისი სამართლებრივი სისტემა დაექვემდებარება დამოუკიდებელ გარეშე კონტროლს, უფრო განამტკიცებს ადამიანის უფლებათა დაცულობას ევროპის მასშტაბით.

აღნიშნულით, ნებისმიერ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, ევროკავშირის მხრიდან კონვენციის დარღვევის ბრალდებით, საჩივრით მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სტრასბურგში. დღეისათვის, კონვენციის დებულებები სავალდებულო ხასიათისა არ გახლავთ ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტებისთვის. თუმცა, ისინი სავალდებულოა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, რომელთაგან თითოეული იმავდროულად ევროპის საბჭოს წევრიცაა.

ევროკავშირის მიერთება კონვენციასთან საუკეთესო საშუალებაა საიმისოდ, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ჰარმონიული განვითარება, დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვასთან.

ევროკავშირის კონვენციასთან მიერთება ნიშნავს თუ არა, რომ კონვენციის ოქმები, რომლებიც აწესებს დამატებით უფლებებსა და თავისუფლებებს, იმავდროულად სავალდებულო გახდება მისთვის?

ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიერთება არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ავტომატურად გახდება კონვენციის დამატებითი ოქმებით ვალდებული. დღეისათვის არსებული ექვსი დამატებითი ოქმი მოიცავს საკითხებს, როგორიცაა არჩევნების უფლება (1-ლი ოქმი), სიკვდილით დასჯის გაუქმება (მე-6 და მე-13 ოქმები) და დისკრიმინაციის საერთო აკრძალვა (მე-12 ოქმი).

ევროკავშირი თავად განსაზღვრავს, მიუერთდეს აღნიშნული ოქმებიდან რომელიმეს თუ ყველა მათგანს. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ევროკავშირი მიუერთდება  თვით კონვენციას.

მიერთების შემდგომ, რა კავშირი იარსებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიას შორის?

ურთიერთკავშირი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიას შორის (რომელიც წარმოადგენს “ლისაბონის ხელშეკრულების” ნაწილს და თავის მხრივ, ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ევროპის საბჭოს სოციალურ ქარტიას) იქნება მსგავსი იმ კავშირისა, რომელიც არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და მის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონსტიტუციურ ნორმებს შორის, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელთა განვრცობაც კონვენციით დაწესებულ მინიმალურ სტანდარტებს მიღმა შეუძლიათ შესაბამის სახელმწიფოებს, რასაც ხშირად აკეთებენ კიდეც.

მიერთების შემდგომ, სამართლებრივი დაცვის რა საშუალებებით ისარგებლებენ ინდივიდები?

ინდივიდებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს ევროკავშირის საწინააღმდეგო განაცხადით.

კონვენციასთან ევროკავშირის მიერთება არ გამოიწვევს მისი სამართლის სისტემით უზრუნველყოფილი დაცვის საშუალებათა გადახედვას. სწორედ ამ საშუალებათა ამოწურვა გახდება საჩივრის სტრასბურგში წარდგენის წინაპირობა. ევროკავშირისეული ნორმების გასასაჩივრებლად უშუალოდ წარმოდგენილი ინდივიდუალური განაცხადები უნდა განვასხვავოთ  მათგან, რომლებიც მიმართულია იმ შიდაეროვნული ზომების წინააღმდეგ, რომელთა ძალით ხდება ევროკავშირის სამართლის განხორციელება.
მიერთების შემდგომ, მიენიჭება თუ არა ევროკავშირს თავისუფლება, სრულყოს საკუთარი სამართლებრივი წესრიგი?

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მინიმალურ სტანდარტებს ნერგავს. მის ხელშემკვრელ მხარეებს ენიჭებათ თავისუფლება, დააწესონ უფლებათა დაცვის უფრო ფართო სტანდარტები და აღნიშნული შეეხება ევროკავშირსაც.

კონვენციის ხელშემკვრელი ნებისმიერი მხარის მსგავსად, ევროკავშირი თავად განსაზღვრავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებათა აღსრულების საუკეთესო გზებს.

მიერთების შემდგომ, მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს შეუნარჩუნდება ევროკავშირის სამართლის განმარტების საკითხში უმაღლესი ინსტანციის სტატუსი.

მიიღებს თუ არა ევროკავშირის მოსამართლე მონაწილეობას სტრასბურგის სასამართლოს მუშაობაში?

ამჟამად სტრასბურგის სასამართლო აერთიანებს 47 მოსამართლეს ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოდან. მათ ირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხელშემკვრელ მხარეთა მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატისგან შემდგარი სიიდან. ევროკავშირის სასარგებლოდ არჩეული მოსამართლის მუშაობა სტრასბურგის სასამართლოს შესძენს დამატებით გამოცდილებას ევროკავშირის სამართლებრივი სისტემის შესახებ.

უარყოფის განცხადება - ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს მიმდინარე მდგომარეობისა და შესაძლო ცვლილებათა შეჯამებას მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს ევროპის საბჭოსა თუ ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის

ესტელ შტაინერი, პრესის თანამშრომელი
ტელ: 33 (0) 3 88 41 33 35, მობ: 33 (0) 6 08 46 01 57
estelle.steiner@coe.int
www.coe.int

განახლებულია 2009 წლის 1 დეკემბერს

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2007 - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.