ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მიმდინარე წლის 2-4 მარტს გამართავს წლევანდელ პირველ შეხვედრას “ადამიანის უფლებათა” საკითხზე. კომიტეტი მეთვალყურეობს როგორც ინდივიდუალური ზომების მიღებას, რაც საჭიროა იმისათვის, რათა აღმოიფხვრას სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევათა შედეგები მომჩივნებთან მიმართებაში (თავად სასამართლოს მიერ მიკუთვნებული სამართლიანი დაკმაყოფილების ანაზღაურების გარდა), ასევე/ან ზოგადი ზომებისა (საკანონმდებლო ან სხვა სახის ცვლილებები), რომლებიც მიზნად ისახავს სხვა მსგავს დარღვევათა თავიდან აცილებას მომავალში.
განხილულ იქნება 274 ახალი საჩივარი, რომელთა ნაწილთან დაკავშირებით საჭიროა განისაზღვროს, მიზანშეწონილია თუ არა ახალი ინდივიდუალური თუ ზოგადი ზომების გატარება. ნაწილი კი უკავშირდება ან უკვე განხილულ საკითხებს, ან მათ, რომლებიც არ წამოჭრის რაიმე განსაკუთრებულ გართულებას.
რაც შეეხება სხვა საქმეებს, ამ შეხვედრაზე კომიტეტი კერძოდ შეისწავლის 500-მდე საკანონმდებლო თუ სხვა სახის რეფორმის გატარების შემდგომ არსებულ წინსვლას. ის განიხილავს ასევე დასკვნითი რეზოლუციების მიღების საკითხს 60-მდე საქმეზე, რომელთა მიმართებაში უკვე გატარდა ყველა აღსასრულებელი ზომა და შეაფასებს, არის თუ არა კიდევ 31 სხვა საქმე დახურვისთვის მზად.
მინისტრთა მოადგილეების 1078-ე შეხვედრაზე განსახილველი საკითხების/საქმეების წინასწარი ნუსხა ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე www.coe.int/execution, განყოფილებაში “CM-DH meetings”. ამ ნუსხას უნდა დაერთოს განჩინებები, რომლებიც გამოცხადდა საბოლოოდ “ადამიანის უფლებათა” ბოლო შეხვედრის შემდგომ (2009 წლის დეკემბერი). უახლესი საჯარო ინფორმაცია განხილვის სტადიაში არსებული საჩივრების შესახებ სახელმწიფოების მიხედვით ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე www.coe.int/execution, განყოფილებაში “State of execution”.
შეხვედრის დასასრულს საჯაროდ გამოქვეყნდება შუალედური რეზოლუციები და ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. დანარჩენი გადაწყვეტილებები და პროგრამა ანოტაციების თანხლებით (ინფორმაციით ამა თუ იმ საქმეზე არსებული წინსვლის შესახებ) საჯარო გახდება მას შემდეგ, რაც ფორმალურად ძალაში შევა ორი კვირის შემდგომ. ეს დოკუმენტები, უფრო დეტალური ინფორმაციით წევრ სახელმწიფოთა მიერ განჩინებათა აღსრულების შესახებ, განთავსებულია ვებ გვერდებზე www.coe.int/t/cm/home_en.asp და www.coe.int/execution. ამ ვებ გვერდებზე ხელმისაწვდომია ასევე მინისტრთა კომიტეტის 2008 წლის წლიური ანგარიში მის მიერ განჩინებებზე განხორციელებული მეთვალყურეობის თაობაზე.
ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება
ტელ: 33 (0)3 88 41 25 60
ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11
pressunit@coe.int
www.coe.int
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
www.coe.int / www.coe.ge
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად:
“1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო განჩინებებს საქმეებზე, რომლებშიც ისინი მხარეს წარმოადგენენ.
2. სასამართლოს საბოლოო განჩინება ეგზავნება მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას”.