ევროპის საბჭოს მონაცემებით, ფალსიფიცირებული მედიკამენტების დამზადების სისხლის სამართლის დანაშაულად შერაცხვა ხელს შეუწყობს ამგვარი მედიკამენტებით მსოფლიო ვაჭრობის შემცირებას, რაც ამჟამად ჰეროინით ვაჭრობაზე უფრო მომგებიანად ითვლება.
ადამიანის უფლებათა დამცველი სამთავრობათშორისო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ საქართველო განახორციელებს ფალსიფიცირებული სამედიცინო ნაწარმის საწინააღმდეგო მისი ხელშეკრულების რატიფიცირებას, რომლის ხელმოსაწერად გახსნა იგეგმება მიმდინარე წლის ნოემბერში სტამბულში.
ევროპის საბჭო აცხადებს, რომ კოაგულაციის საწინააღმდეგო ფალსიფიცირებული მედიკამენტი ევროპელ პაციენტს უკვე მოხმარებული აქვს. არსებობს საფრთხე, საქმეში ჩაუხედავმა მომხმარებელმა გამოიყენოს ასევე ყალბი ანტიბიოტიკები, კიბოს სამკურნალო საშუალებები, ანტიფსიქოტური, ქოლესტეროლის დამწევი თუ ერექციული დისფუნქციის სამკურნალო მედიკამენტები.
“ეს ხელშეკრულება გვთავაზობს სრულფასოვან ხედვას ამ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის საჯარო სისტემებს”, განაცხადა ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა. “ფალსიფიცირებული მედიკამენტები უფრო შემოსავლიანია, ვიდრე ჰეროინი. უმსგავსო დანაშაულია, თაღლითურად მოამარაგო პაციენტები იმგვარი წამლებით, რომლებიც არ კურნავს”.
ფალსიფიცირებული მედიკამენტების ინდუსტრიის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა 15-16 აპრილს ბაზელის კონფერენციით დაიწყება.
კონფერენცია შეეხება სულ უფრო მზარდ პრობლემას მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნებისთვის, რაც გულისხმობს ჯანდაცვის სისტემების სულ უფრო მეტად მგრძნობიარობას ფალსიფიცირებული სამედიცინო ნაწარმის მასიური შემოდინებისადმი.
ექსპერტები ასევე წუხან, რომ თვითმკურნალობის ტენდენციამ გამოიწვია იმგვარი მედიკამენტების მოზღვავება ინტერნეტში, რომლებიც წარმოებულია ყოველგვარი კონტროლის, ტესტირებისა თუ ნებართვის გარეშე.
ევროპის საბჭოს სწამს, რომ მისი ხელშეკრულება - პირველი მასშტაბური კონვენცია “სამედიცინო დანაშაულის” წინააღმდეგ – საფუძვლიან დარტყმას მიაყენებს ამ მაღალშემოსავლიან საერთაშორისო ვაჭრობას. ამდენად, კონვენციის ხელმოწერა შეეძლებათ ევროპის საბჭოს არაწევრ სახელმწიფოებსაც.
აღსანიშნავია, რომ ყალბისმქნელებს უზარმაზარი მოგების შესაძლებლობა იზიდავთ. მათ ხელს უწყობს აგრეთვე დანაშაულის გამოვლენის დაბალი მაჩვენებლები, ბრალდების დროში გაწელილი პროცედურები და მთავრობათა მიერ ამჟამად დადგენილი სასჯელის შედარებითი სიმსუბუქე.
ხელშეკრულება წაახალისებს თანამშრომლობას სამართალდამცავ სტრუქტურებს, საბაჟოებს, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებსა და სასამართლოებს შორის. ის დააწესებს უფრო მკაცრ სანქციებს ყალბისმქნელთა წინააღმდეგ და უზრუნველყოფს თაღლით მწარმოებელთა უფრო ეფექტიან დევნას საერთაშორისო საზღვრებს მიღმა.
ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა: “ფალსიფიცირებული მედიკამენტები აფუჭებს ნდობით გამყარებულ ურთიერთობებს პაციენტს, ექიმსა და ფარმაკოლოგს შორის. პაციენტები მგძნობიარები არიან. მათ სჯერათ, რომ წამლები განკურნავთ. ფალსიფიცირება კი მთელ ჯანდაცვის სისტემას ანგრევს. მისი სისხლის სამართლის დანაშაულად შერაცხვა განამტკიცებს სასამართლოს ეფექტიანობასა და საჯარო ჯანდაცვას”.
სასარგებლო ბმულები
მედიკამენტებისა და ჯანდაცვის ხარისხის ევროპული დირექტორატი
http://www.edqm.eu/site/page_628.php
ევროპის საბჭოს ვებგვერდი: http://www.coe.int/defaulten.asp
სპეციალური დოსიე:
http://www.coe.int/t/dc/files/themes/pharmacopee/default_EN.asp?
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
ნიგელ სმიტი
კომუნიკაციის დირექტორატი
ევროპის საბჭო
ტელ: 33 3 90 21 52 81
ფაქსი: 33 3 88 41 39 10
ელ.ფოსტა: Nigel.smith@coe.int