ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, შვეიცარიამ 2010 წლის 18-19 თებერვალს უმასპინძლა მინისტრთა კონფერენციას ქალაქ ინტერლაკენში იმ მიზნით, რათა გადაჭრით დაჩქარდეს საჩივართა რაოდენობით გადატვირთული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეფორმირების პროცესი. ერთობლივ განცხადებაში ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა დაადასტურეს თავიანთი სურვილი, უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხანგრძლივი მომავალი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მომავლის შესახებ ინტერლაკენში გამართულ კონფერენციაზე შვეიცარიას წარმოადგენდნენ ფედერალური საბჭოს წევრი, საგარეო ურთიერთობათა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე მიშელინ კალმი-რეი და ასევე ფედერალური საბჭოს წევრი, მართლმსაჯულებისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეველინ ვიდმერ-შლუმფი. სწორედ ეს უკანასკნელი თავმჯდომარეობდა ორდღიან კონფერენციას. ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებს გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე ჟან-პოლ კოსტა და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუთ ჩავუზოღლუ.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სასამართლოს სამომავლო რეფორმის მიმართულებათა განსაზღვრას. ერთობლივი განცხადების მიღებამ ღონისძიება წარმატებით დააგვირგვინა. დოკუმენტის თანახმად, საჭიროა, სახელდობრ, შემოსულ და განხილულ საქმეებს შორის ბალანსის განსაზღვრა და დაახლოებით 120 000 განსახილველი საჩივრის ოდენობის შემცირება, ისევე როგორც უზრუნველყოფა იმისა, რომ ახალი განაცხადების განხილვა მოხდეს გონივრულ ვადაში. გარდა ამისა, უნდა გაუმჯობესდეს სასამართლოს განჩინებათა აღსრულება ეროვნულ დონეზე და მინისტრთა კომიტეტმა უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი მეთვალყურეობა ამ პროცესზე. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, პოლიტიკური განცხადება შეიცავს სამოქმედო გეგმას მოკლე და საშუალოვადიანი ზომების ჩამონათვალით, ისევე როგორც მათ განსახორციელებლად საჭირო განრიგს.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის განცხადებით: “ჩვენ გადავარჩენთ სასამართლოს, ვინაიდან არ მოიძევება სხვა არჩევანი. ადამიანები ევროპის მასშტაბით არ იმსახურებენ არსებულზე ნაკლებს და ექნებათ კიდევაც არსებულზე მეტი”. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარის ჟან-პოლ კოსტას თქმით : “შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი სასამართლოს უდიდესი სურვილია, საკუთარი დამოუკიდებლობის პირობებში, მისდიოს ინტერლაკენის კონფერენციაზე დასახულ გზას”. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუთ ჩავუზოღლუ მიესალმა სასამართლოს ეფექტიანობის ასამაღლებლად დასახულ ზომებს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი ზომები ნაყოფს გამოიღებს მხოლოდ ძლიერი ევროპის საბჭოს პირობებში.
ფედერალური საბჭოს წევრმა მიშელინ-კალმი რეიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ”ინტერლაკენში ჩაყრილი საფუძველი საშუალებას მოგვცემს, დავაჩქაროთ სასამართლოს რეფორმირების პროცესი. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისას და მის შემდგომ, შვეიცარია აქტიურად ივლის ამ მიზნისაკენ”. ფედერალურმა მდივანმა ეველინ ვიდმერ-შლუმფმა განაცხადა : “მსურს აღვნიშნო, რომ შეგვიძლია, ფრიად კმაყოფილები დავრჩეთ ინტერლაკენის კონფერენციის შედეგებით. მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ ის არ შემოიფარგლა მხოლოდ სურვილის პოლიტიკური დეკლარირებით, არამედ შეიმუშავა კონკრეტული ზომები”.
ხუთშაბათს, უშუალოდ მინისტრთა კონფერენციის გახსნამდე, რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ალექსანდრე კონოვალოვმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდისა და ფედერალური მდივნის ვიდმერ-შლუმფის წინაშე განახორციელა რატიფიცირების ინსტუმენტის დეპონირება. შესაბამისად, მე-14 ოქმი ძალაში შევა 2010 წლის 1 ივნისს.
ინტერლაკენის მინისტრთა კონფერენცია გახლავთ უმთავრესი ღონისძიება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში შვეიცარიის ექვსთვიანი თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც დაიწყო 2009 წლის 18 ნოემბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის:
ფრანკ შურმანი, იუსტიციის ფედერალური ბიურო, ტელ. 44 79 560 84 17
პოლ ზეგერი, საგარეო ურთიერთობათა ფედერალური დეპარტამენტი, ტელ. 41 79 300 48 81
ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება
ტელ: 33 (0)3 88 41 25 60
ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11
pressunit@coe.int
www.coe.int
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge